საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
“ორ დღეში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად – გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია! ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, მუნიციპალიტეტებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. გადადგათ ნაბიჯი უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.