რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ ოთხ სპორტსმენს – გიორგი სარდალაშვილს, ლუკა კუბლაშვილს, ბექა გურულს, სანდრო მეგრელიშვილს საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა. რუსთავის მერიამ წარმატებულ სპორტსმენებს სტიპენდიები 2022 წლიდან გაუორმაგა.
ნინო ლაცაბიძემ აღნიშნული სიახლე, რუსთაველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვედრაზე პირადად გააცნო.
„2022 წელს მხოლოდ სამი თვეა გასული და უკვე სამოცდაცამეტი მედალოსანი გვყავს. ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენებით. დღეს შევხვდი მათ და ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე იმაზე, რომ მათი წახალისება აუცილებელია. ჩვენ წლის დასაწყისში შევძელით და გავაორმაგეთ სტიპენდიები, რომელსაც იღებენ როგორც წარმატებული სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები. მეორე მთავარი საკითხი, რაზეც მათთან ერთად ვიმუშავებთ, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებსა და პარასპორტსმენებს სტიპენდია, ქალაქის მერის ინიციატივით, მიმდინარე წლიდან გაუორმაგდათ, გაორმაგებულ ხელფასს იღებენ მათი მწვრთნელებიც. ამასთან, რუსთავის მერიის “სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ წამახალისებელ სტიპენდიას 53 სპორტსმენზე ასაკის, სახეობის და ტიტულის გათვალისწინებით გასცემს.