პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სენაკის საკრებულოში არსებულ კრიზისს ეხმიანება. განცხადებაში, რომელსაც ის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს, სიჭინავა წერს, რომ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურება ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, მოქალაქეთა არჩევანის ხელოვნურად ცვლილებაზე პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემას დაეკისრება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
“სენაკის მუნიციპალიტეტში “ოცნების” მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი და “პროცედურული ომი” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათი არჩევანის შესაცვლელად, გრძელდება. “ოცნება” ინსტრუმენტად იყენებს სასამართლო სისტემას, რომელიც არაბუნებრივად აჭიანურებს საქმის განხილვას და ჯერ პროცესიც კი არ ჩაუნიშნავს, მაშინ, როდესაც ამ სასამართლოს, თავისი არსებობის მანძილზე, პრაქტიკაში ასეთი მნიშვნელოვანი საქმე გადასაწყვეტად, ალბათ, არ ჰქონია, რადგან საქმე ეხება ათასობით ადამიანის კონსტიტუციური უფლების და შესაძლებლობის რეალიზებას – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შესახებ, რაც მოსარჩელეთა (ოცნების წარმომადგენლების) უპასუხისმგებლო ქმედებებით დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და რასაც პირდაპირ უწყობს ხელს სასამართლო სისტემა.
აქვე, “ოცნების” წარმომადგენლებმა რომ გაითვალისწინოთ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ახალი არჩევნების ჩატარებას, ვერ ექნება, თუნდაც სასამართლო განხილვა გაგრძელდეს თვეების განმავლობაში.
იმედი მაქვს, ხელი არ წაგიცდებათ მორიგ უკანონობასა და დანაშაულზე, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებას, რაც “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებს ეფუძნება”, – წერს სიჭინავა.
საუბარია “ქართული ოცნების” სარჩელზე, რომლითაც მათ სასამართლოს 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარე აირჩა. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ პროცედურები კანონის დარღვევით გაიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება შეაჩერა, ამის შემდეგ სენაკის საკრებულოში სხდომა არ გამართულა.