ავტორი: ეკატერინე ბასილაია
დავით ბუკია “ქართული ოცნებიდან” ხობის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და ქონებრივი დეკლარაციაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.
2022 წლის იანვრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ახლადარჩეული მერი დაბადებულია ხობში, ჰყავს მეუღლე, სოფიო გოგია და ერთი არასრულწლოვანი შვილი.
დავით ბუკია ხობში, რუსთაველოს ქუჩაზე, ფლობს 2016 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 1209 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია 141,95 კვ.მ სახლი და ორი დამხმარე ნაგებობა. 2016 წელსვე ასევე მემკვიდრეობით მიღებული აქვს ხობის სოფელ გურიფულში 1036 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა, ხობის მერს 2014 წელს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე საკმაოდ იაფად – 20 000 აშშ დოლარად ნაყიდი აქვს 48,65 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე ორი არასაცხოვრებელი ფართი: 58,6 კვ.მ და 10,11 კვ.მ ფართები 2 500-2 500 აშშ დოლარად. ისევ ამავე მისამართზე 100%-იანი წილით მეუღლის სახელზეა გაფორმებული 44,44 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც ასევე 2014 წელსაა ნაყიდი 15 000 აშშ დოლარად. ჯამში, ცოლ-ქმარი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 161,8 კვ.მ ფართს ფლობს.
გარდა ამისა, მეუღლის, სოფიო გოგიას სახელზეა გაფორმებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში, რომელიც 2 000 აშშ დოლარად 2009 წელსაა ნაყიდი.
სოფიო გოგიას 2011 წელს საჩუქრად მიღებული აქვს 969 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე, სადაც 3 შენობა-ნაგებობა დგას, რომლის საერთო ფართობია 365.90 კვ.მ.
ხობის მერის სახელზე ავტომანქანა გაფორმებული არ არის. მის მეუღლეს კი ჰყავს 2015 წელს 6 700 აშშ დოლარად ნაყიდი MERCEDES-BENZ A320.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია მეუღლე, რომელიც 1998 წლიდან შპს “ფლორა და ფაუნას” 25%-იანი წილის მფლობელია. წილი ამჟამად გაცემულია მართვის უფლებით და 2021 წლის განმავლობაში სოფიო გოგიას შემოსავალი არ მიუღია.
დეკლარაციის შევსების დღეს დავით ბუკიას “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე ედო 486,97 ლარი, ხოლო ანაბარზე – 920,14 ლარი. მეუღლეს, სოფიო გოგიას კი “ლიბერთი ბანკი” სახელფასო ანგარიშზე 884,42 ლარი ჰქონდა.
დავით ბუკია 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე მუშაობდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლად ხობის მუნიციპალიტეტში და ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 8 522,4 ლარი. ასევე 2021 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ და მიღებული აქვს 8 361,6 ლარის ანაზრაურება. 2021 წლის 21 ნოემბრიდან დეკემბრამდე კი ხობის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან მიღებული აქვს 2 894,4 ლარი.
მეუღლე, სოფიო გოგია ფოთის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის
განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტია და გასულ წელს 19 800 ლარი აქვს მიღებული.