ქობულეთის მერიამ 5 ახალგაზრდული პროექტი დააფინანსა

410

ქობულეთის მერიის პროგრამის “ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსების” ფარგლებში 5 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. თითო პროექტის დაფინანსებული თანხა 3 000 ლარს შეადგენს. მერიის ბიუჯეტიდან ჯამში 15 000 ლარი გამოიყო.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ინტელექტულური თამაშები, როგორც დებატები, ასევე, სამაგიდო თამაშები, მიუსაფარი ძაღლებისა და მტრედების მოვლა-პატრონობა.

„ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საშუალება გვეძლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყაროს დებატების კულტურას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განავითარონ: აბსტრაქტული აზროვნება, თვითდაჯერებულობა, საჯარო მეტყველების კულტურა, გუნდური მუშაობა, მოსმენა და ა.შ. აღნიშნული პროექტით სკოლის მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი როლისა და დანიშნულების გათავისებას, როგორც სკოლის, ასევე საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა.

“პროგრამის ფარგლებში, მერიაში სულ შემოსული იყო 9 პროექტი. პროგრამა განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ინიციატივით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები”, – განმარტავენ მერიაში.