“ნაციონალური მოძრაობა”: ბათუმში შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ და უსამართლო მდგომარეობაში მიმდინარეობს

501

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში შუალედური არჩევნები არასამართლიან ვითარებაში მიმდინარეობს.

ქამადაძის თქმით, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი.

„შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ, უსამართლო მდგომარეობაში მიმდინარეობს. 2 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე ამ ოლქში 1053 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა. ერთ კონკრეტულ უბანზე – 89-ე უბანზე 444 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა, ერთ-ერთ უბანზე 402 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების სამართლიანობაზე, კონკურენტუნარიან, თანაბარ გარემოში ჩატარებაზე საუბარი ზედმეტია.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, ბევრ უბანზე რიგი დარღვევებით დაიწყო, ორ უბანზე ძალიან დაგვიანდა უბნის გახსნა. საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს ელექტრონული არჩევნები, აპარატები შესაბამისად ვერ მუშაობს, არის უბნები, სადაც კედელზე ამომრჩეველთა სიას აპარატში არსებული სია არ ემთხვევა“, – განაცხადა ქამადაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ბატონი თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, გუშინ მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რაც დღეს ბატონმა რიჟვაძემ გაიმეორა პროვოკაციებთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარგად ესმის, „ქართული ოცნება“ მზად არის ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ბათუმში ძალაუფლება და საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს. „ქართული ოცნება“ პროვოკაციებს არასდროს რომ არ ერიდება, ამაზე მხოლოდ სიტყვებით არ ვსაუბრობთ, ყველას კარგად ახსოვს კორცხელის ფაქტი, ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. პროვოკაციები მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. 2 ოქტომბერს, მათ აქ არჩევნები პირწმინდად წააგეს. ოპოზიციის ინტერესში ერთადერთი რამ შედის – ამომრჩეველს მიეცეს თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალება. ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე, რაც შეიძლება დღეს მოხდეს, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ არის ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩართული არჩევნების გაყალბებაში. ვინაიდან ბათუმში ელექტრონული არჩევნები პირველად ტარდება, ამომრჩეველს რიგი ინფორმაცია მიეწოდება თუ რა სახით, რა პროცედურებით უნდა ჩატარდეს არჩევნები. შემოხაზვის ნაცვლად, კანდიდატის წინ არსებული წრე უნდა გაფერადდეს. სანიმუშო ბიულეტენში ორი კანდიდატია, ცესკო მითითებას აძლევს, როგორ უნდა გააფერადონ ბიულეტენში მეორე წრე, ამაზე ნებისმიერ პიარტექნოლოგი იტყვის, რომ ირიბი აგიტაციაა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ბიულეტენში მეორე ადგილზეა“,- განაცხადა ქამადაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.