ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ვერიფიკაციის აპარატით გამოირიცხება ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ე.წ. ამომრჩევლის კარუსელს უკავშირდება

437

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის ინფორმაციით, ბათუმში, საარჩევნო უბნებში, საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გიორგი სიორიძე იმედოვნებს, რომ თუ საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე აგიტაციის შემთხვევა იქნება, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები რეაგირებას მოახდენენ.

„არჩევნები მხოლოდ პროცედურა არ არის. პროცედურის ნაწილში, რომ მაინც ვყოფილიყავით დაზღვეულები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც უფლებამოსილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში დაენიშნა წევრი, ერთიანი იყო – შევთანხმდით, დაგვენერგა ტექნოლოგიები, რათა ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდე ყოფილიყო შემცირებული.

რაც შეეხება გარე პერიმეტრს, მე არ მინახავს კონკრეტული ფაქტები, იყო თუ არა აგიტაცია. ხალხმრავალი გარემოა, ძალიან დიდი ინტერესია. თუ გარეთ დარღვევა იყო, იმედი მაქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები რეაგირებას მოახდენენ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უბნების შიგნით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, საარჩევნო პროცესი ისე დასრულდება, რომ ჩვენ გვექნება ისე შედეგები, რომელსაც მთვლელი მანქანა დააფიქსირებს და ხელის გადათვლითაც დაფიქსირდება. ამასთან, ვერიფიკაციის აპარატით გამოირიცხება ის მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოში 30 წელია საუბარია, რომ. ე.წ. ამომრჩევლის კარუსელით შეიძლება მიმდინარეობდეს არჩევნების დღე“,- აღნიშნავს სიორიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, რის გამოც მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები ჩაინიშნა.