რუსთავში დასუფთავების სამსახურის რეფორმის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყველა ურნა ახლით ჩანაცვლდება. ამის შესახებ “ინფო რუსთავს” რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განუცხადა, რომლის თქმითაც ამ დროისთვის ქალაქში არსებული ურნების აღწერა მიმდინარეობს.
“რეფორმის ფარგლებში ვახორციელებთ აღწერა/ანალიტიკას მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის შიდა საუბნო სივრცეების სრულად ათვისება მოხდება.
უკვე გვაქვს ნაგვის ურნების გარკვეული რაოდენობა, რომლითაც ჩავანაცვლებთ. ასევე ეტაპობრივად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ახალი შესყიდვები. ვფიქრობ, როდესაც დასუფთავების რეფორმა დასრულდება, ქალაქში იქნება ძალიან ეფექტიანი სერვისი მუნიციპალიტეტის მხრიდან გაწეული”,- განაცხადა ლაცაბიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 7 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ბრენდირებული ფორმები გადასცა.