“ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. 2022 წლის ბიუჯეტი 27,814,000 ლარით განისაზღვრება, რაც გასული წელთან შედარებით, 2 700 000 ლარით მეტია, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია მათ მიერ დაანონსებული 8-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტულ და რეკრეაციულ პროექტებს, სატრანსპორტიო სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვით საკითხებს და დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს.
„ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ფონდებიდან. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზე, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს,“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.