თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება და მას მთელი რიგი ახალი პროგრამები ემატება.
ამის შესახებ ლევან ჟორჟოლიანმა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიცია მოსახლეობის მიზანმიმართულ დეზინფორმირებაში დაადანაშაულა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია მთელი რიგი პროგრამების დაფინანსება და ოპოზიციონერ კოლეგებს, დედაქალაქის საკეთილდღეოდ, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„შემოტანილი ბიუჯეტის გაზრდილი მოცულობა მილიარდ 305 მილიონი ლარია. სწორედ ამ გაზრდილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა და რომლებიც უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფას, ავარიული მშენებლობების ჩანაცვლებას, სოციალურად დაუცველი პენსიონერების 500-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფას და მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.