საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ახლადწარდგენილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისთვის „უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მას სჯერა რომ პრემიერის და მთავრობის წევრების დახმარებით, მოკლე პერიოდში უწყებას მნიშვნელოვანი მიღწევები ექნება.
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის წევრების დახმარებით, ჩვენ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ჯანდაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ახალი მინისტრი პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.