საია: ცესკო-ს გადაწყვეტილება სააგიტაციო ღონისძიებაში უკანონო მონაწილეობის დაკანონების რისკებს ქმნის

669

საია-ს შეფასებით, ცესკო-ს გადაწყვეტილება, უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან დაკავშირებით, სააგიტაციო ღონისძიებაში უკანონო მონაწილეობის დაკანონების რისკებს ქმნის.

21 სექტემბერს, საიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) კანონით დადგენილ მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადებით მიმართა. კერძოდ, 19 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩს „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ გამართავდა.იმავე დღეს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი – კახა კალაძეც ითამაშებდა. მან დაადასტურა, რომ  მსოფლიო ვარსკვლავებთან დაკავშირება უშუალოდ მას სთხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ კალაძე მათთან მეგობრობს.სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდებოდა. ღონისძიებას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აორგანიზებდა. ცესკოს თავმჯდომარის 25 სექტემბრის წერილობითი პასუხის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებდა კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს, თუ აღნიშნულ ღონისძიებაზე ადგილი ექნებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.

ღონისძიების გამართვის შემდეგ, 3 ოქტომბერს, საიამ კვლავ მიმართა განცხადებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთში“გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის შემდგომ, რომელშიც მსოფლიოს ვარსკვლავებთან ერთად  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მონაწილეობდა, ფეხბურთელმა, უკრაინის მოქალაქე ანდრეი შევჩენკომ მას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის კარგი მერი იქნება.

ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის ვ) პუნქტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს  უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გამხდარიყო საარჩევნო ადმინისტრაციის შესწავლის საგანი. ცესკოს თავმჯდომარის 10 ოქტომბრის წერილობითი პასუხის თანახმად, ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა არ ჩაითვალა სააგიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობად და შესაბამისად, არ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

10 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარემ საიას განცხადების პასუხად, რომლითაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძისა და მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად გამართული ფეხბურთის მატჩის შემდგომ, უკრაინის მოქალაქის ანდრეი შევჩენკოს მიერ უკანონო აგიტაციის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამის რეაგირებას ვითხოვდით, განაცხადა, რომ  ადგილი არ აქვს საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა  და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას. აგრეთვე არ იკვეთება წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი.

აღნიშნულით, კი საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული აგიტაციის ცნება  ვიწროდ განმარტა, რითიც სააგიტაციო ღონისძიებაში კანონის დარღვევით მონაწილეობის დაკანონების საფრთხე შექმნა. კერძოდ, მისი განმარტებით:

„იმ პირის მიერ, ვისაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალული აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის ან/და აგიტაციაში მონაწილეობის წესების კანონისმიერი მოთხოვნის დარღვევას იმ შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, როდესაც ამგვარი პირის მხრიდან ხდება ამომრჩეველთა მოწოდება წინასაარჩევნოდ ორგანიზებულ, მომზადებულ, დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებაში.

ასევე, კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „განცხადებაში მითითებული ღონისძიება წარმოადგენდა საფეხბურთო მატჩს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული იყო კონკრეტული საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე. რადგანაც ფეხბურთის ფედერაცია არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, აღნიშნული ღონისძიება ვერ იქნება განხილული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი.“

სამართლებრივი შეფასება:

მიგვაჩნია, რომ ამგვარი მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების იმგვარად დავიწროებას, რომ ამგვარი განმარტებით, სააგიტაციო ღონისძიებად შესაძლოა ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული ღონისძიება და  აგიტაციის გაწევად შესაძლოა ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განხორციელებული მოწოდება კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსი ძალიან ფართო ფორმულირებას მოიცავს და აგიტაციად მიიჩნევს კანდიდატის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ნებისმიერ საჯარო მოქმედებას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს (გარდა იმ პირებისა, ვისაც კანონი პირდაპირ უკრძალავს ამას). შესაბამისად, სააგიტაციო ღონისძიების ორგანიზატორი და განმახორციელებელი შეიძლება იყოს როგორც საარჩევნო სუბიექტი, აგრეთვე – ნებისმიერი სხვა პირი. შესაბამისად, კანონთან შეუსაბამოდ მიგვაჩნია ღონისძიების არ მიჩნევა სააგიტაციოდ იმ ნიშნით, რომ ორგანიზებული და ჩატარებულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს.

დასკვნა

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ  წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების   ვიწროდ განმარტებამ, სააგიტაციო ღონისძიებაში კანონის დარღვევით მონაწილეობის დაკანონების რისკები შექმნა.