ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა გაიზარდა.
მისივე თქმით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და გაიზარდა დღის ცენტრებით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობა და 811 ბენეფიციარი (ნაცვლად 781 ბენეფიციარისა) შეადგინა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების რაოდენობა.
„დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის” ფარგლებში გაიზარდა შშმ ბავშვთათვის დღის ცენტრების ბენეფიციართა რაოდენობა (1102 ბენეფიციარი, ნაცვლად 1059 ბენეფიციარისა). მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში” შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯებესება და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას.