მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არცერთი დღით და არცერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჯამში, ახალი საცხოვრებელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.
„2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ და სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.