დარწმუნებული ვარ, გახარიას გუნდის ის წევრები, რომლებიც თავის დროზე ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ და ბევრი მათგანისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“ ალიანსი კატეგორიულად მიუღებელია, მიმდინარე პროცესს სხვაგვარად შეხედავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა წალენჯიხაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუბარმა განაცხადა, რომ დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების არა ნორმალური მუშაობა, არამედ ახალარჩეული მერების მიმართ ობსტრუქციის მოწყობა.
როდესაც ცდილობდნენ, ბიუჯეტები არ დამტკიცებულიყო და ხმაური ჰქონდათ, თუ რატომ ამტკიცებდნენ ძველი საკრებულოები ბიუჯეტის პროექტებს, დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ მათი მიზანი იყო არა ნორმალური მუშაობა, არამედ ობსტრუქციის მოწყობა ახალარჩეული მერების მიმართ, რათა მათ წინასაარჩევნო პროგრამებით განსაზღვრული და დაგეგმილი პროექტები ვერ განეხორციელებინათ. თუმცა, რადგანაც პროექტები დამტკიცებულია, მერებს აქვთ საშუალება, ხალხის საკეთილდღეოდ განახორციელონ ის ბიუჯეტები და პროექტები, რომელიც დაპირებულია და მუნიციპალიტეტების განვითარებას სჭირდება.
რაც შეეხება საკრებულოებს, გასაგებია, რომ ერთ საკრებულოში მოხდა ეს. ვნახოთ, სხვა საკრებულოებში როგორ წარიმართება პროცესები, თუმცა, მთლიანობაში,“ ეს ვერაფერს შეცვლის. დარწმუნებული ვარ, გახარიას გუნდის ის წევრები, რომლებიც თავის დროზე ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ და ბევრი მათგანისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“ ალიანსი კატეგორიულად მიუღებელია, მთლიანად ამ პროცესს სხვაგვარად შეხედავენ“, – განაცხადა სუბარმა.