ქვემო ქართლის ვეტერანთა სამმართველოს ორგანიზებით, რუსთავში, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ვეტერანებმა მიიღეს.
”დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს. ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა, უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს აღვნიშნავთ და გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა ჩვენი ვეტერანების მიმართ. ნამდვილად დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ,,დიდების ხეივანში“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელზე, სკვერში ფიჭვის ნერგები დარგეს. დღესვე, რუსთავში მცხოვრები ვეტერანებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, სპექტაკლის – ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება გაიმართება.
წყარო: ინტერპრესნიუსი