დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, 7000-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების ტემპის ზრდამ შესაძლებლობა მოგვცა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 118 ნგრევადი შენობა დავხურეთ და იქ მცხოვრებმა ასობით დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით შესრულებული სამუშაოები და მომავლის ხედვა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა.
„ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ. 2020-2021 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა და დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უკიდურესად მწვავე საკითხი გადაიჭრა ქალაქ წყალტუბოში, სადაც ბინა 560 ოჯახს გადავეცით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მეტი დევნილი განვასახლეთ ქალაქ ზუგდიდშიც, სადაც 1000 ოჯახისთვის 9 კორპუსი აშენდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების დანერგვამ განაპირობა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა კვლავ პრიორიტეტად რჩება. კერძოდ, 2024 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელი, დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს. ასევე ითქვა, რომ 2020 -2021 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 7000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა, მათ შორის, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 2905 დევნილ ოჯახს გადაეცა, სააგენტომ სოფლად სახლი 3028 ოჯახისთვის შეისყიდა და საცხოვრებელი ფართი 1176 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაუკანონდა.
ამასთან, სააგენტომ უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 624 ოჯახი განასახლა. დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, 1066 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. ასევე, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 400-მდე მოქალაქეს რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტი გადაეცა.