ქუთაისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მერიას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ: რა თანხა მიიღო შემოსავლის სახით შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ” და რამდენია ხარჯი? რამდენი მძღოლი ჰყავს კომპანიას და რამდენია მათი ანაზღაურება? რა რაოდენობის საწვავი მოიხმარა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მისი ფუნქციონირების დაწყების დღიდან ამ დრომდე? რამდენი თანამშრომელი ჰყავს კომპანიას და რამდენია ჯამში მათი სახელფასო ფონდი?
ქუთაისის მერიის პრესსამსახურს 20 დეკემბერს შევახსენეთ, რომ შეკითხვებზე პასუხი არ მიგვიღია და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა დარღვეული იყო. დაგვპირდნენ, რომ პასუხს მოგვიმზადებდნენ, თუმცა, საპასუხო წერილი არ მიგვიღია.
ადმინისტრაციული კოდექსის თანახამდ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა.
მუნიციპალურ ტრანსპორტში კონტროლის არარსებობის გამო, მგზავრების ნაწილი თანხას არ იხდის. მიმდინარე წლის ოქტომბერში მერიამ ავტობუსებში კონტროლიორები შეიყვანა და იმ მგზავრების 20 ლარით დაჯარიმება დაიწყო, ვინც თანხას არ გადაიხდიდა, თუმცა, მოგვიანებით, დაჯარიმების ფაქტები თავადვე უარყვეს და თქვეს, რომ ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო. ფაქტია, რომ მერიის მცდელობა, ფრაგმენტული კონტროლითა და ჯარიმის გარეშე მიიღოს შემოსავლები და აანაზღაუროს ხარჯები, უშედეგოა.
თავის მხრივ, გადახდის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ მგზავრები და ამბობენ, რომ ავტობუსებში დამონტაჟებული აპარატები ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც მგზავრობის თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.
ქუთაისის მერიამ ახალი 60 ავტობუსი გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს”, – წერს ქუთაისი პოსტი.