„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებული საგნების სია ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა.
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები).“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);
გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) ქიმია (ისწავლება VIII-XII კლასებში).“.
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში).“
მინისტრის ახალი ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდება 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის – გამოქვეყნებისთანავე.