გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური განთავსდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სააგენტოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, 2022 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური გადაეცემა.
მათივე ცნობით, ახალი სადგურების განთავსება იგეგმება ბათუმსა და ფოთში, ქუთაისსა და ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, ახალციხესა და მესტიაში.
პროექტის ღირებულება 2 000 000 ევროს შეადგენს და 3 მიმართულებას მოიცავს :
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება;
ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა;
ჰაერის ხარისხის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
სააგენტოში აცხადებენ, რომ 8 ახალი სადგურისა და 1 მობილური სადგურის ამოქმედება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.