ქუთაისის მერი მოქალაქეებს ნაძვის ხის გასანათებლად ეპატიჟება

648

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღეს, 20 დეკემბერს, მოქალაქეებს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის  გასანათებლად ეპატიჟება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“19:00 საათზე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მობრძანდეთ  ცენტრალურ  მოედანზე, რათა ყველამ ერთად ავანთოთ და დავინახოთ ის მოლოდინი რაც მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს. სამწუხაროდ, შარშან პანდემიიის გამო ჩვენ  ვერ შევძელით ცენტრალური ნაძვის ხის ანთება ერთად. სწორედ, ამიტომაც განსაკუთრებულად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ  წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იყოს. გამორჩეული არის ჩვენი მთავარი ნაძვის ხეც”, –  მიმართავს მოქალაქეებს ვიდეოლაივით ქალაქის მერი.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე  ტრადიციულად ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ არის გაწყობილი.  მისი ანთების შემდეგ გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე იმღერებენ.  გალაცონცერტი ასევე ჩატარდება  31 დეკემბერსაც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.