წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა – თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს

317

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს. შექმნილი გაურკვევლობის გამო, სხდომა 1 კვირით გადაიდო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.

“ფაქტია, რომ ჩაიშალა დღეს სხდომა, მოლოდინიც ასეთი იყო. ძალიან ძნელია შეთანხმება იქ, როდესაც მეორე მხარეს (ერთად განვიხილავ გახარიას და ოცნებას), შეთანხმებაზე წამოსვლა არ სურთ. აქ არის საუბარი ადამიანების ინტერესზე. 29 ათასი ადამიანი ელოდებოდა, რომ დღეს სხდომა შედგებოდა, აირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს და დაიწყებოდა პროცესი სასიცოცხლო მნიშვნელობის. საუბარია ბიუჯეტის დამტკიცებაზე, ბიუჯეტზეა აქ მიბმული ადამიანების ყოველდღიური საჭიროება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ბიუჯეტს განიხილავს როგორც ჯიბის ფულს, ამიტომ ცდილობენ გადადონ პროცესი, მოვიდნენ უმრავლესობაში, თუმცა რა ფორმით აპირებენ ამას, ძნელი წარმოსადგენია, შემდგომ კი ეს ბიუჯეტი განკარგონ როგორც განკარგავდნენ საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამარ ბელქანიამ.

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.