გახარიას პარტიის წევრი: ბათუმში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკრებულოს სხდომაზე, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

818

პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, აკაკი გვიანიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკრებულოს სხდომაზე, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ – ამის შესახებ გვიანიძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს  მოსალაპარაკებლად გარკვეულ საკითხებზე შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ მხარეები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის საკრებულოს აპარატში დაარეგისტრირა სხდომის მოწვევის მოთხოვნა, სადაც მათი განცხადებით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმება.

და ეს იმ ფონზე, როდესაც უარი განაცხადეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაზე (მოგეხსნებათ, 16 დეკემბერს, 12 საათზე მოვიწვიეთ ყველა პარტია) და ფარდა აეხადა ჩხოროწყუს საკრებულოს წინა სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.

ვინც არ იცის რა მოხდა ჩხოროწყუში, მოკლედ მოგიყვებით: ჩხოროწყუს საკრებულოში ოთხი პარტიაა წარმოდგენილი: ქართული ოცნება – 12 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა და საქართველოსთვის 7-7 მანდატი და ლელო – 1 მანდატი. წინა სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, “ქართული ოცნების” კანდიდატის საპირისპიროდ. ფარული კენჭისყრის შედეგად, “ქართული ოცნების” კანდიდატმა მიიღო მანდატებზე მეტი, 13 ხმა, ჩვენ კი – 12. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ დაგვაბრალა ჩვენსავე კანდიდატზე ხმის მიუცემლობა. დღეს კვლავ გაიმართა სხდომა, სადაც ჩვენი პარტია და ოცნება მონაწილეობდა, კენჭისყრის შედეგად: ოცნებამ აიღო 12 ხმა, ჩვენ 7. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ლუსტრირება.

ამ პირობებში ისმის კითხვა, რას ემსახურება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა სხდომის მოწვევის შესახებ?

საქმე გვაქვს მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლთან, ან უარესი – გარიგებასთან, ვინაიდან ოცნებას მხოლოდ ერთი ხმა აშორებს სასურველ მიზანთან, ფარული კენჭისყრის პირობებში მტყუან-მართლის გარჩევა კი შეუძლებელი გახდება.

ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას და კვლავ მოვუწოდებთ პარტიებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას”,- წერს აკაკი გვიანიძე.

ცოტა ხნის წინ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით განაცხადი დაარეგისტრირა.