ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სალიცენზიო პირობების შესრულების 143 გეგმური და 54 არაგეგმური შემოწმება განახორციელეს.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სამი ლიცენზია გააუქმა. გაუქმების საფუძველი რეგულირების საფასურის გადაუხდელობა, სტატისტიკური დაკვირვების ფორმებისა და ათვისების გეგმის წარმოუდგენლობა გახლდათ.
„ამასთან, სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ, 471 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რომელთაგან ხუთზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 61 ლიცენზიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციას დაქვემდებარებული დარღვევები გამოვლინდა. შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა“, – აცხადებენ წიაღის ეროვნული სააგენტოში.