გიორგი ვაშაძე: ქართულ ოცნებას” 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული, რომ ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე

711

“ქართულ ოცნებას” დაახლოებით 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, დღეს, “დემოკრატიული მოძრაობის” “ლიდერთა საბჭოს” შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც მასში შემავალმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათი დათვლებით “ქართულ ოცნებას” 75 000 ადამიანი არალეგალურად ანაზღაურებული კოორდინატორად ჰყავს, 25 000 კი – ადმინისტრაციული რესურსითაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო პარტიებისთვის სრულიად არათანაბარია, ”თუმცა ამაზე წუწუნს ნაკლები აზრი აქვს. მთავარია, რომ ისინი არჩევნების დღისთვის მოემზადონ”.

“ქართულ ოცნებას” დაახლოებით 100 000 ადამიანი ჰყავს მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე, ეს არის საარჩევნო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ამაზე რომ უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, საუბარი ზედმეტია. მთავარი თხოვნა უცხოელ სადამკვირვებლო მისიებთან რაც გვაქვს, საარჩევნო დღის მანძილზე არ გვინდა უცხოელი დამკვირვებლების დატვირთვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საღამოს 20:00 საათიდან ოქმის შეჯამებამდე იყოს უბანზე უცხოელი დამკვირვებელი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მანიპულაცია ხმის დათვლის დროს. მე მაქვს ინფორმაცია, თუ როგორ ემზადებიან უკვე: კომისიის წევრებზე მუშაობენ, ვითომ ოპოზიციურ პარტიებზე იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები მაქსიმალურად გაიადვილონ. ამის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი შესაძლებელია მხოლოდ კონსოლიდირებული მუშაობა. რა საერთო მაქვს პრორუსულ პარტიებთან?! მაგრამ გვინდა ვითანამშრომლოთ, შევზღუდოთ გაყალბებების შესაძლებლობები. მთავარი არის ხმის დათვლის პროცესი და სიტუაცია თბილისში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს გააყალბებს, მათ შესაბამისი რეაქცია ექნებათ.

წყარო: ინეტრპრესნიუსი