ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად დავიწყე ინდივიდუალური გავლა იმ პროექტების, რომლებიც ქალაქში ხორციელდება და ყველა ხარვეზი რაც გვაქვს, ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
რუსთავის მერის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია.
“რუსთაველის გამზირზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება რუსთავის მერიისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – ძველი რუსთავის განახლების პროცესი. რა თქმა უნდა, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას აქვს გარკვეული დისკომფორტი. პროექტის განხორციელებისას ეს თანმდევი პროცესია და თუ კი გადაჭარბებით არის გარკვეული პრობლემები, ჩვენ ამ საკითხებს რა თქმა უნდა დროული რეაგირებისთვის დავაყენებთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებენ“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წელის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა. გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, რაც ახალი თანამშრომლების დამატების საჭიროებასაც ქმნის.
“2022 წლის ბიუჯეტი 81 მილიონია, სწორედ ბიუჯეტის 31 მილიონით გაზრდა, პროექტების მატება გამოიწვევს თანამშრომლების დამატებას. წელს შეიქმნა რამდენიმე ახალი რეკრეაციული სივრცე, დაგეგმილია ახალი პროექტები, ეს რა თქმა უნდა გამწვანების, დასუფთავების თანამშრომლების დამატების საჭიროებას ქმნის. იხსნება ახალი საბავშვო ბაღი, გვინდა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მშენებლობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რის შემდეგაც, კიდევ უფრო მეტი პოტენციალი იქნება არაფორმალური განათლების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა საჭირო მეტი ადამიანი, რომელიც მოემსახურება ქალაქს“, – აღნიშნა რუსთავის მერმა.