ბათუმის ვიცე-მერის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან დავითაძე დაინიშნა, იგი ბოლო პერიოდში “ბათუმის წყლის” დირექტორის პოზიციას იკავებდა. საკადრო ცვლილებების შესახებ ბათუმის მერმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება და დარწმუნებულია, რომ წარმატებით გაართმევს თავს ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების განვითარებას.
არჩილ ჩიქოვანმა ბრიფინგზე მოადგილე და მერიის ექვსი სამსახურის უფროსი წარადგინა და განაცხადა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ბათუმში წარმატებულ პროექტებს განახორცელებს.
მერის გადაწყვეტილებით, “ბათუმის წყლის” დირექტორის პოზიციაზე დაინიშნება ალექსანდრე მჟავანაძე, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციზე იყო.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პოზიციას დაიკავებს აკაკი ბერიძე, რომელიც ამავე სამსახურში მოადგილის პოსტს იკავებდა.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა დავით დიასამიძე, რომელიც გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა თამაზ სალუქვაძე, რომელიც ბოლო მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა თემურ ხასია.