ბათუმის მერი „ნაცმოძრაობაზე“: სამუშაო ოთახში შეხვედრის შემდეგ მასკარადი მოაწყვეს, მერიის თანამშრომლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ

612

წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროტესტმა, რომელიც ბათუმის მერის კაბინეტიდან დაიწყო, სამუშაო ოთახის შესასვლელთან გადაინაცვლა.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, კაბინეტის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აღნიშნულს მათი პროტესტი მოჰყვა.

„შეხვედრა შედგა ჩემს სამუშაო ოთახში, რის შემდეგაც მათ მასკარადი მოაწყვეს. უკვე ხედავთ, რა სიტუაციაც არის ბათუმის მერიაში. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს თავისუფლად მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ეზღუდებათ გადადგილების საშუალება, რის შემდეგაც მოვითხოვეთ და ვთხოვეთ, წაბრძანებულიყვნენ. ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ოქმის შესადგენად მუნიციპალურ ინსპექციის წარმომადგენლებს მოსახლეობამ ადგილზე წინააღმდეგობა გაუწია. ამას ჩვენი რეაგირება მოჰყვა და აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ხმაური ბათუმის მერიაში არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრის დროს დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პრეტენზიები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას უკავშირდებოდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბათუმის მერიაში კორუფციაა. ამ ბრალდებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მორიგ დესტრუქციად აფასებენ.