“განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
„აჭარის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, ქობულეთის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე და ბათუმში, გმირთა ხეივანში მწვანე კორიდორის მოწყობა.
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.