ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა აქციის დასასრულს განაცხადა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხი საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში კვლავ გამოვა.
”ჩვენ შევასრულეთ პირობა და მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად ჩავატარეთ. ახლა ”ქართული ოცნება” მოემზადოს თვითმმართველობის მშვიდობიანად გადმოსაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოვა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გუშინ რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგი იყო “გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად”. ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი