ჯანდაცვის მინისტრი კი არა მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდის მართვის პროცესში წარუმატებლობა გუნდში ვინმეს უნდა დაბრალებოდა და “როგორც ჩანს, ერთმანეთის გადაბრალების პროცესი წავიდა”.
“ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, ჯანდაცვის მინისტრი კი არა მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს. როდესაც მთავრობა ამ პროცესის მართვაში ასეთი წარუმატებელია, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს. როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ქალბატონი ტიკარაძის შეხედულებებს ბატონი ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ჩემი აზრით, სწორად მოიქცა, რომ დაწერა განცხადება და წავიდა, მაგრამ ამით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აუცილებს იმაზე, რაც მოხდა. კოვიდის მართვის პროცესი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის. ის კატასტროფული შედეგი, რაც გვაქვს, მთლიანად, მთელი ხელისუფლების დამსახურებაა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის შიდა დაპირისპირება გაიზრდება.
“ჩამოშლის სერიოზული ტალღა იყო გახარიას წასვლა და ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ჯანდაცვის მინისტრი ტოვებს ხელისუფლების შემადგენლობას. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა. შიდა დაპირისპირება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის მხოლოდ გაიზრდება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ ტიკარაძე “ქართული ოცნების” პოლიტაბჭოში რჩება, სამადაშვილი ამბობს, რომ “როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის პარტიაში საკუთარი კადრების ყოფნა მნიშვნელოვანია”.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.