ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი 17 ოქტომბერს აქციას აანონსებს.
ლელა ქებურიას განცხადებით, ის მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლების უყურადღებობას გააპროტესტებს, რადგან ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი მთავრობა არ აპირებს.
მავნებელმა მწერმა ზუგდიდის რაიონში მოსახლეობას თხილის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თითქმის, მთლიანად გაუნადგურა და შემოსავლის გარეშე დატოვა.
„ევროპული საქართველო 17 ოქტომბერს გეგმავს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით -„შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“. აქციაზე მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მსვლელობით გუბერნიის შენობამდე წავალთ, სადაც გაჟღერდება ევროპული საქართველოს მთავარი მოთხოვნა – აღირიცხოს ზარალი და მოსახლეობისთვის მოხდეს მინიმალური კომპენსაციის ანაზღაურება,“ – განაცხადა ლელა ქებურიამ.