ათი შენიშვნა ხარაგაულის მერიას საკრებულოსგან

366

2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას შენიშვნები გაუგზავნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

საკრებულოს წევრები მერიისგან მოითხოვენ, რომ ფინანსები ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად, სოფლის ამბულატორიების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად დაიგეგმოს.

მერიისგან ამ შენიშვნებზე პასუხს საკრებულოში 10 დეკემბრისთვის ელოდებიან.

გთავაზობთ საკრებულოსგან 2022 წლის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს:

1. მიზანშეწონილად მივიჩნევთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყოს საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ასევე გამოყენებული იქება საკრებულოს სხდომების ჩასატარებლად;

მოგახსენებთ, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, ხოლო მათი საკრებულოს სხდომაზე დასწრება – ჩართულობის ერთ-ერთი ფორმაა. მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომათა დარბაზის არქონის გამო ვერ ხდება მოქალაქეთა მხრიდან საკრებულოს სხდომებზე სრული ჩართულობა და შესაბამისი დარბაზის მოწყობა აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის;

საკონფერენციო  დარბაზის მოსაწყობად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გთხოვთ გათვალისწინებულ იქნეს  დაახლოებით 80 000 ლარი;

2. აუცილებელია ქუჩებში მიუსაფარი და უპატრონო ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ადრე არსებული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული პრაქტიკა ნაკლებად შედეგიანია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამატებით 6000  ლარის გამოყოფა;

3. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ნაგვის ბუნკერების შესაძენად სათანადო ხარჯები 15 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები და აუცილებელია ნაგვის ბუნკერების შეძენა დამატებით განთავსების მიზნით;

4. აუცილებელ საჭიროებებს წარმოადგენს, რათა მერიამ გამოყოს თანხა 3000 ლარის ოდენობით გენდერულ საჭიროებაზე, კერძოდ, სკრინინგ პროგრამის დასაფინანსებლად;

5. ამბულატორიების მოვლა-პატრონობისა და ეზოების შემორაგვის მიზნით ბიუჯეტის პროექტში საჭიროდ მიგვაჩნია გათვალისწინებულ იქნას თანხები 10 000 ლარის ოდენობით;

6. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის ბიუჯეტის პროექტის შესაბამის მუხლში, გათვალისწინებულ უნდა იყოს თანხა 20 000 ლარის ოდენობით;

7. საკრებულოსათვის გათვალისწინებულ საოფისე ხარჯებში გთხოვთ დამატებით გაითვალისწინოთ 5000 ლარი, საკრებულოს თანამდებობის პირთათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით;

8. მრავალბინიანი სახლების ფასადების მოწესრიგების მიზნით, გთხოვთ ბიუჯეტის პროექტში  დამატებით  გაითვალისწინოთ  50 000 ლარი;

9. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში იგეგმება სახელფასო ზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა ხელფასების გაზრდაც, რის გამოც თანამდებობრივი სარგოების გაზრდის მიზნით ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნას შესაბამისი თანხები, ვინაიდან ამჟამად წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ ითვალისწინებს ხელფასების ზრდისთვის სათანადო თანხების არსებობას;

10. მერიამ უნდა უზრუნველყოს ღონისძიებების გატარება სოფელ მარელისში მზაობის ჯგუფის სათანადო პირობებში ფუნქციონირებისათვის.