მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პროდუქტსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასების ზრდა, ინფლაცია, უკვე, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. შესაძლოა, გაძვირდეს მგზავრობაც. ამჯერად, მომსახურების საფასურის გაზრდის ინიციატივით მიკროავტობუსების მძღოლები გამოვიდნენ. გაჟღერებული მოთხოვნის მთავარ მიზეზად კი, საწვავის ფასის მნიშვნელოვნად ზრდას ასახელებენ. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი, ფაქტობრივად, ფუჭად მუშაობენ და მგზავრობის ამჟამინდელი საფასური გაწეულ ხარჯებს ვეღარ ანაზღაურებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
„TV25“-თან საუბრისას, ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიის – „ჯორჯიან ტრანსის“ – ხელმძღვანელი ხარჯების სწორად გადანაწილების საჭიროებაზე საუბრობს. კომპანიებმა ახალი ტარიფის განსაზღვრისთვის, აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაშიც
წერია, რომ საწვავის ფასების, კოვიდრეგულაციების და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით, საფასური 50-ის ნაცვლად, მინიმუმ 70 თეთრით უნდა განისაზღვროს.
მოქალაქეები მიკრო ავტობუსებით მგზავრობის საფასურის 20 თეთრით მომატებას უარყოფითად აფასებენ. ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძლიერებისთვის მზად არაა და ამ ყველაფერში ქალაქის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ხედავენ.
გადამზიდი კომპანიების ინიციატივა, მიკრო ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს, თუმცა, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო პირველ სხდომაზე ვერ დაკომპლექტდა. როდის შედგება მომდევნო სხდომა და როდის განიხილავენ საკითხს ახალარჩეული დეპუტატები, ამ დრომდე, უცნობია.