ადიგენის მერიაში ვარხნის დაზიანებულ სახლებზე შეხვედრას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა

394

„შედეგს ვერ დავარქმევ დღეს რა საუბარიც გვქონდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო“, –ასე აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე შეხვედრას, რომელიც ადიგენის მერიაში, ვარხნის მოსახლეობას და აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის განმხორციელებელ კომპანია „ჯეუ გრუპის“ წარმომადგენლებს შორის გაიმართა. მოსახლეობა მიყენებული ზარალის შესასწავლად კომისიის შექმნას, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და სოფელ ვარხანში მდებარე სახლების შესაძლო ნგრევის საკითხზე, გადაწყვეტის გზის ძებნა იყო. ვარხნის მცხოვრები ბონდო გულუა ამბობს, რომ კომპანია „ჯეუ გრუპმა“ პასუხისმგებლობა აიცილა.

„დღევანდელი საუბრით საერთოდ არ დავრჩი კმაყოფილი. პრობლემა არის მას შემდეგ, რაც ეს კომპანია შემოვიდა და დაიწყო აბასთუმნის მშენებლობა. დაახლოებით 1 წელზე მეტია. კომპანიამ თქვა, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვსო და საერთოდ ამ კომპანიას როგორ უნდა ელაპარაკო? პირდაპირ იძახის, რომ სახელმწიფოსგან ვარ დავალებული და ვაკეთებ ჩემს საქმესო. ანუ სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს. ჩვენც სახელმწიფო ხომ ვართ? ჩვენი სახლები დახსნილი და დაბზარულია, სანამ დაინგრევა, კომპენსაცია უნდა მოგვცენ, რომ გავამაგროთ“, – ამბობს იგი.

ვარხნის მცხოვრებლების თქმით, საჭიროა შეიქმნას კომისია, რომელიც მათ სახლებს შეისწავლის.

„ეს კომპანია ამბობს, რომ იქნებ ჩემი მანქანების შემოსვლამდე დაინგრა ეს სახლებიო. გვინდა კომისიამ დაადგინოს, რომ ახლა ფუჭდება. დადიხარ ჩემს გზაზე სახლს მინგრევ და ესე იგი საშუალება და პასუხისმგებლობა არ არის არაფრის?! ხომ შეიძლება გამოიყოს კომისია. იქნებ ჩვენ არ ვამბობთ მართალს და არ გვენგრევა ეს სახლები. ვიღაცამ შექმნას ეს უბრალო საბუთი, რომ ეს ფარატინა ქაღალდი მაინც იყოს. ბათუმის დღეში რომ ჩავვარდებით, მერე იტყვიან ჩვენ არ ვიცოდით და იმან არ იცოდაო. ეს ლაპარაკი შეიძლება გაიწელოს ერთი წელი და ამ დროში სახლები კი დაგვენგრევა თავზე. სწრაფად უნდა მოგვარდეს ეს საკითხი“, – აღნიშნეს ადგილობრივებმა შეხვედრისას.

შეხვედრისას ასევე გაჟღერდა ინიციატივა, რომ გამოინახოს ალტერნატიული გზა, სადაც აღნიშნული მანქანები გაივლის, თუმცა აქვე გაკეთდა განმარტება, რომ ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდება. ადგილობრივის, ბონდო გულუას თქმით, პრობლემის მოგვარების ერთ–ერთი გზა, რაც ამ ეტაპზე შეამცირებს მოსახლეების სახლებისთვის ზიანის მიყენებას, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ტვირთმზიდი მანქანების მოძრაობის რეგულირებაა.

„აქამდეც მიგვიმართვას. წარმომადგენლები მოდიოდნენ და (ამბობდნენ რომ) ნელა ვივლით და გავაფრთხილებთ მანქანებსო და ა.შ. დისტანციას თუ დაიცავენ მანქანები, აღარ იქნება პრობლემა ასე მწვავე. არც ზედმეტი გვინდა, არც ნაკლები. არც იმას ვუშლით, რომ იმუშაონ. ლამაზად, წყნარად აკეთონ თავის საქმე და ჩვენსას ნუ გააფუჭებენ. სხვას არაფერს ვითხოვთ. ეს არის დასაწყისი ჯერ. შემდგომში ვნახოთ. კიდევ გაიმართება შეხვედრები“, – აცხადებს ის.

„ჯეუ გრუპის“ პროექტის მენეჯერის, სულხან გაბრიჭიძის განცხადებით, მათი კომპანია მოსახლეობას ვერანაირი სახის ზიანს ვერ აუნაზღაურებს, რადგან ეს მათ კომპეტენციას ცდება, რადგან დამკვეთი არის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და პასუხისმგებლობა, პრობლემის მოსაგვარებლად რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე მათ აკისრიათ. რაიმე დამატებითი ზომების მიღება კი სახელმწიფოს პრეროგატივაა  და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანია ამას დაემორჩილება.

„ვარხნის მოსახლეობას პრობლემები აქვს მძიმე წონიანი მანქანების გატარების შედეგად. ზიანდებაო ჩვენი სახლები, გზა ფუჭდება და ხმაური გვაწუხებსო. ჩვენ მათ ავუხსენით, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ისედაც გვაქვს ეს ღონისძიებები გატარებული და დამატებითაც გავატარებთ, რომ მანქანებს შორის მანძილი გადაადგილების დროს იყოს ისე, როგორც კანონით არის საჭირო. იმ ღრმულების ამოვსების პრევენცია არის (კომპანიის) კეთილი ნება და არა ვალდებულება. ამ ადამიანების მოთხოვნას, რომ სახლები უზიანდებათ და პრობლემები ექმნებათ–ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფო დაკვეთას და თუკი პრობლემა შეეხება იმას, რომ რაიმე დაუზიანდათ და რაიმე სხვა სახის ანაზღაურებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში ჩვენი დამკვეთი არის სახელმწიფო და შესაბამისად გაგძელდება მათი დიალოგი ბატონ მერთან“, – განმარტავს სულხან გაბრიჭიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, „ჯეუ გრუპის“ და სოფელი ვარხნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მხარეებისთვის სასურველი შედეგით არ დასრულებულა. მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ, რაც ზარალის შესასწავლად კომისიის შექმნას ეხება, მერი აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ დგას, რადგან სახლების დაზიანებები აშკარაა, ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნა კი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. მოლაპარაკების პროცესი კი გაგრძელდება და საკითხის მოსაგვარებლად, თემის დაყენება სახელმწიფოს იმ დონემდე მოხდება, რა დონეზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება.

„იქ დაახლოებით 45–47 სახლია, ყველას ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენთან მერიაში არის კომისია, რომელიც ადგენს არის თუ არა სახლი დაზიანებული. ბუნებრივია ეს ჩვენ შეგვიძლაი გავაკეთოთ. რაც შეეხება მთლიან აუდიტს, იმისთვის რომ შეფასდეს, თუ რა ღირებულების ქონება არის დაზიანებული ან მის აღდგენას რა ქონება სჭირდება, ამას უკვე სხვა ექსპერტიზა სჭირდება და ამის საშუალება ჩვენ, მერიას, ნამდვილად არ გვაქვს და არ შეგვეძლება. რატომ გადავუხადოთ (სამხარაულს), როცა ფაქტი სახეზეა. ინგრევა, ვხედავთ. როცა საქმე საქმეზე დადგება და კომპენსაციაზე წავა საუბარი, შემდეგ სახელმწიფო დაიქირავებს  (კომისიას) და თვითონ განსაზღვრავს ვისი რამდენია დაზიანებული. დღეს ამაზე ფიქრი ცოტა ადრეა. ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, პრობლემა როგორ მოვაგვაროთ.

ფაქტობრივად, შედეგს ვერ დავარქმევ დღეს რა საუბარიც გვქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო მაინც ეს შეხვედრა იმდენად, რამდენადაც გავერკვიეთ რაშია მდგომარეობა. გავერკვიეთ, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელთანაც ჩვენ პრეტენზია გვქონდა, არ იღებს ვალდებულებას. მხოლოდ კეთილი ნებით გააკეთებს და გვერდში დაგვიდგება რითაც შეეძლებათ. სახელმწიფოსთან გვექნება საუბარი, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან.

კაპიტალური გზის გაკეთება გამოიწვევს ზედმეტი ხარჯის გაღებას, რადგან ის ისევე დაინგრევა გზა მძიმე მანქანების ესეთი ინტენსიური მოძრაობით, მაგრამ გზის შეკეთება გათვალისწინებულია (2022 წლის ბიუჯეტში) და გაზაფხულიდან ეს დაიწყება.

მე რითაც შემეძლება, მთავრობის სხდომა იქნება და იქ ვიქნები მიწვეული, პრემიერთან მექნება შეხვედრა თუ მინისტრთან–იქ დავაყენებ საკითხს. რა გამოგვივა, ერთად ვნახოთ“, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ შეხვედრისას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარხნის მოსახლეობის პროტესტი 3 დეკემბერს, კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ გზაზე მოძრავი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებით გამოწვეული რყევით დაზიანებულმა სახლებმა გამოიწვია. აქციაზე შეკრებილების თქმით, საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის სხვა ზომებს მიმართავენ. იმავე დღეს, ადგილზე მომუშავე სამშენებლო კომპანიებმა „ჯეუ გრუპმა“ და „მაქრო ქონსთრაქშენმა” განაცხადეს, რომ მათთვის ზემოაღნიშნული პრობლემით, ადგილობრივ მოსახლეობას არასდროს მიუმართავს.

დღეს, 7 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ვარხნის მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად ისეთი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რაც პრობლემას გრძელი დროის პერსპექტივაში მოაგვარებს.