2011-2021 წლებში ზესტაფონის მერიის თანამშრომლების შპს ზესტაფონპროექტმა ზესტაფონისავე მერიისგან 567 000 ლარი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
მათი ცნობით, შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან ჯამში 578,000 ლარი მიიღო, აქედან 233,000 უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვით, დარჩენილი ტენდერების უმრავლესობა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
შპს ზესტაფონპროექტის ერთი მფლობელი, თეიმურაზ წიწილაშვილი, 2007 წლიდან ზესტაფონის მერიის თანამშრომელია, ხოლო მეორე მფლობელის, ნოდარ მესხიშვილის შვილი 2013 წლიდან ზესტაფონიის მერიის მაღალჩინოსანია.
წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც შპს ზესტაფონპროექტის მიერ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება კომპანიის დირექტორის შვილს უნდა განეხორციელებინა, – ნათქვამია განცხადებაში.
“ფლანგვის დეტექტორის” ცნობითვე, აღნიშნული საკითხით “საერთაშორისო გამჭვირვალობაც” დაინტერესდა და ანტიკორუფციულ სააგენტოსაც მიმართა, თუმცა ამბავს რეაგირება არ მოჰყოლია.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი კვლევა 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა ამის შემდეგ შპს ზესტაფონპროექტმა ბიუჯეტიდან კიდევ 123,325 ლარის ხელშეკრულება მიიღო, აქედან 27,700 ლარი – ისევ გამარტივებული შესყიდვით.