ბევრი პლუს-მინუსი აქვს 5%-იან ბარიერსაც, ოთხსაც, სამსაც, ერთსაც, ბუნებრივსაც და შესაბამისად, ჩვენ ყველა გარემოება უნდა ავწონ-დავწონოთ, ვიდრე ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რომ არაფერი მოხდეს და კონსტიტუცია რომ არ შეიცვალოს, 2024 წლიდან ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა, 5%-იანი ბარიერით, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არა მარტო აბსოლუტურად ლეგიტიმური, შეიძლება, საქართველოსთვის 5%-იანი ბევრად უკეთესიც იყოს, ვიდრე 2%-იანი, სამიანი, ოთხიანი და ბუნებრივი. ერთი მთავარი მიზეზი, რაც ბარიერთან დაკავშირებით ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, არის ის, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ სისტემაში სტაბილურობის ხარისხი უფრო მაღალია. ზოგადად, როცა საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულია და პლუს, მმართველობის სისტემა საპარლამენტოა, ასეთ დროს, ქვეყანა ყველაზე მეტად არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. არის პლურალიზმის მაღალი ხარისხი, მაგრამ ამავე დროს, არის რისკები სტაბილურობის კუთხით და ამ რისკებს აბალანსებს ზუსტად 5%-იანი ბარიერი. სწორედ ამის გამოა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემა მოქმედებს, სწორედ 5%-იანი ბარიერია დადგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 3%-იანზე დაბალი ბარიერი მოქმედებს დანიაში და ნიდერლანდებში.
„შესაბამისად, სტაბილური უმრავლესობა შეიქმნება, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნების“ მიერ და დაბალი ალბათობით, „ნაცმოძრაობის“ და გახარიას მიერ. შესაბამისად, სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას 5%-იანი ბარიერი ხელს შეუწყობს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში 2%-იანი ჩაიწერა, ეს საბოტაჟის ქვეშ მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებული საბოტაჟის შედეგად.
„ჩვენ ქვეყანას გავუფრთხილდით და ეს ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს დაბალი ბარიერი, ერთადერთი, იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ ქვეყანას ანგარიში გავუწიეთ და ეს იყო ერთგვარი საჩუქარი რადიკალური ოპოზიციის. ფაქტობრივად, ასე გამოვიდა და ახლა, ისინი თუ ამ პროცესის მიღმა გადგებიან, რასაც საპარლამენტო ცხოვრება ჰქვია, რატომ უნდა გავუკეთოთ ეს ასე ვთქვათ, სიკეთე „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ, როდესაც ყველაფერი სწორედ „ნაცმოძრაობის“ საბოტაჟის პირობებში დაიწყო?!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.