ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
პროექტი პრემიერ- მინისტრის ინიციატივის” განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები” აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში.
“პროექტი დავიწყეთ ფალიაშვილის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციით და სულ მალე დასრულდება პირველი შენობის ფასადის სრული განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი მრავალმხრივად არის გათვალისწინებული. ამავე პროექტით მოხდება ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც, სადაც განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე დენდროლოგიური კომპონენტებიც. შედეგად, ქუთაისელების საყვარელი ადგილი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.
ჩვენი თანაქალაქელები აღნიშნული პროექტებით კმაყოფილნი არიან. 15-მდე შენობის ფასადი განახლდება სულ ფალიაშვილის ქუჩაზე, იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია, რაც ახალ ელფერს შესძენს ქალაქის ცენტრს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ფალიაშვილის ქუჩა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის ფასადის განახლება წლის ბოლომდე დასრულდება, 2022 წელს კი, დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაციაც მოხდება.