გიორგი ტყემალაძე: კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ გუნდს ზურგს უმაგრებს თბილისი მთავრობა, რომელსაც 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა აქვს

560

ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილები არიან კახა კალაძის მიერ მთავრობის წევრებად, ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს 4-წლიანი საკმაოდ წარმატებული მთავრობა თბილისის მთავრობაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის დარწმუნებულია იმაში, რომ მომავალი 4 წელი ძალიან წარმატებული იქნება.

„თვითმმართველობის არჩევნებში ზუსტად ამ 4-წლიან წარმატებულ საქმიანობას დაუჭირა ჩვენმა მოსახლეობამ მხარი, ნდობა გამოუცხადა თბილისის მერს, რომ მეორე ვადით ყოფილიყო არჩეული. ლოგიკური და ბუნებრივია, რომ ძირითადად ის შემადგენლობა არის წარმოდგენილი კახა კალაძის მიერ, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში თანამდებობებს იკავებდნენ, თუმცა არის სიახლეებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოფილი საკრებულოს წევრებიც არიან დღეს მთავრობის შემადგენლობაში, ისევე როგორც ყოფილი მთავრობის წევრები ახალ საკრებულოში წარმოდგენილი“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ის დარწმუნებულია იმაში, რომ კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ გუნდს საკრებულოს მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, გიორგი ტყემალაძის თქმით, სწორი იქნება თუ შეფასებებში იმ ამომრჩეველს დაეყრდნობიან ადამიანები, რომლებმაც მმართველ გუნდს მხარი დაუჭირეს.

„ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი, ყველა ბრალდება უნდა იყოს დასაბუთებული და გამყარებული. ჩემთვის და ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ის,რომ მომავალი 4 წელი უნდა იყოს პრინციპულად მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო წარმატებული“, – განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას – საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს.

სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება.

თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ უკვე წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.