დღეს ადიგენის მერი და აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის წარმომადგენლები ვარხნის მოსახლეობას შეხვდებიან

512

7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ადიგენის მერიაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე და აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის წარმომადგენლები „ჯეუ გრუპიდან“ ვარხნის მოსახლეობას შეხვდებიან. მხარეები სოფელ ვარხანში არსებულ სახლებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სახლები ადგილობრივების თქმით, დიდი წონის ტვირთმზიდი მანქანების მოძრაობის გამო ინგრევა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, ვარხნის მოსახლეობის პროტესტის შემდეგ იგი „ჯეუ გრუპის“ წარმომადგენლებს შაბათს, 4 დეკემბერს უკვე ესაუბრა. ხვალ კი შეხვედრა მოსახლეობასთან ერთად გაიმართება, რათა მხარეებმა პოზიციები გაცვალონ და საკითხის მოგვარებაზე  იმსჯელონ.

„პრეტენზიები ორივე მხარეს აქვს. შაბათს მქონდა შეხვედრა „ჯეუ გრუპის“ წარმომადგენლებთან და მათ მითხრეს, რომ ყველა ის პრეტენზია რისი შესრულებაც მათ შეუძლიათ, შეასრულებენ და აიღეს ვალდებულებაც, რომ გააფრთხილებდნენ მძღოლებს, რომ მანქანების სიჩქარე იქნებოდა დაბალი და მოძრაობისას ინტერვალს დაიცავენ ერთდროულად რომ არ იარონ. ამასთან ერთად, ღრმულები სადაც არის გაჩენილი იქ ჩაყრიან ხრეშს, როცა კი საჭირო გახდება. ჩვენ უნდა დავსხდეთ  და ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყოთ მუშაობა, რათა მოსახლეობის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული“,- აცხადებს გოჩა ქიმაძე და ამატებს, რომ შეხვედრის შემდეგ პოზიციები  შეჯერდება, რომ ორივე მხარის ინტერესები იქნეს დაცული.

„ჯეუ გრუპის“ სტრატეგიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი თავართქილაძის თქმით, მათი კომპანიის დამკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტია და საკითხზე გადაწყვეტილებასაც დეპარტამენტი მიიღებს.

„ჩვენი დამკვეთი არის გზების დეპარტამენტი და რასაც ის და ადიგენის მერია გადაწყვეტს, თუ რაიმე სამუშაოებია ჩასატარებელი პრევენციის კუთხით ჩავატარებთ“,- ამბობს იგი.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის მენეჯერის, სულხან გაბრიჭიძის თქმით, ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ ვარ საქმის კურსში შეხვედრასთან დაკავშირებით. აქციის შესახებ სოციალურ ქსელში გავიგე. ჩვენ ვასრულებთ გზების დეპარტამენტის დაკვეთას. გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ გვაქვს“.

რა პოზიცია აქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ვარხნის მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქცია უწყებისგან პასუხს ელის.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარხნის მოსახლეობის პროტესტი 3 დეკემბერს, კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ გზაზე მოძრავი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებით გამოწვეული რყევით დაზიანებულმა სახლებმა გამოიწვია. აქციაზე შეკრებილების თქმით, საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის სხვა ზომებს მიმართავენ. იმავე დღეს, ადგილზე მომუშავე სამშენებლო კომპანიებმა „ჯეუ გრუპმა“ და „მაქრო ქონსთრაქშენმა” განაცხადეს, რომ მათთვის ზემოაღნიშნული პრობლემით, ადგილობრივ მოსახლეობას არასდროს მიუმართავს.