რუსთავში მეშვიდე მოწვევის საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩია. ქალაქის 35- კაციან საკრებულოში “ქართული ოცნება“ 16 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 16 მანდატი აქვს ,,ნაცმოძრაობას“ და სამი – პარტია ,,საქართველოსთვის“.
პარტია ,,საქართველოსთვის” წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ნოდარ შეროზიას კანდიდატურა წარადგინეს, ,,ქართულმა ოცნებამ“ – მამუკა რეხვიაშვილი, ,,ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ კი კანდიდატურა არ დაასახელა და განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი.
როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ბერიძემ განაცხადა, რუსთავის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი და მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ პარტია “საქართველოს“ დეპუტატებთან, რომელთაც სამი მანდატი აქვთ. “დღეს მოხდება ლუსტრაცია ვინ არის რეალურად ოპოზიცია”, – განაცხადა ბერიძემ.
“ნაციონალური მოძრაობიდან” რუსთავის საკრებულოს თექვსმეტივე დეპუტატმა სხდომა განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვა და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ. რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის პროცესი მათ გარეშე ჩატარდა. “ქართული ოცნების“ 16 დეპუტატიდან, მხარი თექვსმეტივემ საკუთარი პარტიის კანდიდატს – მამუკა რეხვიაშვილს დაუჭირა, სამი ხმა კი ერგო ნოდარ შეროზიას. შედეგად დადგა მეორე ტურის ჩატარების საჭიროება, გახარიას პარტიის წევრებმა მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღეს და სხდომა მათაც დატოვეს.
“არცერთ პარტიას არ სურს დაბალანსებული მმართველობა, არცერთს არ სურს აღსრულდეს რუსთაველი ამომრჩევლის ნება, იყოს დაბალანსებული მმართველობა. ერთი პარტია, ისევე როგორც მეორე, ვერ ელევა, ვერ თმობს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ვერ ელევა ერთპიროვნულ მმართველობას. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავტოვეთ საკრებულოს სხდომა”, – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ რუსთავის საკრებულო დეპუტატმა ნათია შელეგიამ.
მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის“ მზად არის საჯარო შეხვედრისთვის და საჯარო მოლაპარაკებისთვის.
“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ორივე ოპოზიციურ პარტიას კოლაფსში შეყავს ქალაქი ამ ქმედებით. “ნაცმოძრაობა” არის მუდმივად იმ ამპლუაში, რომელშიც მუდმივად იყო და დღეს გვანახა თავისი სახე. არა თუ ისინი არ მოდიან თანამშრომლობაზე, არ უფრთხილდებიან საკუთარი ამომრჩევლების ხმას, მათ უღალატეს ამომრჩეველს. სამწუხაროა ის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც ფაქტობრივად აღმოჩნდნენ მათ მხარეს. “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“- როდესაც ამბობენ, რომ ვაპირებთ თქვენთან თანამშრომლობას, მაგრამ რეალურად დგები და ტოვებ საკრებულოს სხდომას, არ ირჩევ საკრებულოს თავმჯდომარეს, ფაქტობრივად გამოდის, რომ შენ გაწირე შენი ქალაქი კოლაფსისთვის“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა რუსთავის საკრებულოში მარი ლიპარტელიანმა.