”ქართული ოცნებისთვის” აბსოლუტურად სულ ერთია, რას ჰპირდება ხალხს, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა. ბოკუჩავა გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
”მე დღეს გამახსენდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ დაინახეს ორი საქართველო – ”ქართული ოცნების” საქართველო და მეორე, დანარჩენი საზოგადოება. სწორედ ეს მახსენდებოდა პარლამენტში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ”ქართული ოცნება” ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის არ არის ერთი პარტია, ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით და ვთქვით დღეს, რომ ”ქართული ოცნება” არის ერთი მონოლითური პოლიტიკური გუნდი, რომლის რეალურ გადაწყვეტილებებსაც იღებს ბიძინა ივანიშვილი. მე არ მჯერა, რომ კობახიძეს რეალურად უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს და მას უბრალოდ ავტორიტეტი არ ეყო გუნდის შიგნით. ”ქართული ოცნებისთვის” აბსოლუტურად სულ ერთია, რას ჰპირდება ხალხს, რადგან მათ ჩაატარეს საჯარო საკონსტიტუციო განხილვები, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსახლეობა და ამ განხილვების შემდგომ ერთ ღამეში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტი გამოეცვალათ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი