სოფო ჯაფარიძე: მართალია, თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა დატოვეს, თუმცა შემდეგ სხდომებზე „ბრძოლას გააგრძელებენ“

1123

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მართალია დღევანდელი სხდომა დატოვეს, თუმცა შემდეგ სხდომებზე ბრძოლას გააგრძელებენ.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდათ.

„დღევანდელი სხდომა იმიტომ დავტოვეთ, რომ მორალური უფლება არ გვქონდა დღევანდელი დღე გაგვეგრძელებინა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად, რომელმაც ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ბრძოლას ვაგრძელებთ. ყველა სხდომაზე, სადაც ადამიანების პრობლემები განიხილება, ჩვენ ვიბრძოლებთ ყოელდღიურად, ყოველწუთიერად. ვხედავთ, ქვეყანაში რამხელა ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისია და მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები. აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა უზრუნველვყოთ“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.