ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. ისინი ითხოვდნენ მისცემოდათ კითხვების დასმის საშუალება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიცია ახალ საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. ოპოზიციური სპექტრის თქმით. ეს არის მმართველი გუნდისგან ოპონენტების უპატივცემულობა.
მმართველი გუნდის დეპუტატებმა, ოპოზიციის წევრები ტაშით და შეძახილებით გააცილეს სხდომათა დარბაზიდან.
საკრებულოს სხდომაზე, უხუცესი წევრი მმართველი გუნდიდან, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებდა, რომ დაეცვათ რეგლამენტი და დალოდებოდნენ კითხვების დასმის რიგს.
ისინი “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტს, პროვოკაციის მცდელობად აფასებენ.
სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებიათ “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წვერებს.
ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულო სულ 39 წევრისგან შედგება. თვითმმართველობის არჩევნებზე, ქობულეთის საკრებულოში, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 13 მანდატი ერგო, “გახარია-საქართველოსთვის” 2 მანდატი, რაც შეეხება “ქართული ოცნებას”, ის 24 წევრითაა წარმოდგენილი.
საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, საკრებულოს წევრების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით თანხმობაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, მმართველ პარტიას საკრებულოში საკმარისი მანდატი აქვს იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” კვოტით იქნას არჩეული.
წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.