ქუთაისის მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.
ზაალ კუხიანიძეს პოლიციამ შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ კანონით საკრებულოს სხდომაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს. ამან პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც კუხიანიძე დააკავეს.
ის სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ცესკოს დამკვირვებლების ფორმაში არინ გამოწყობილი, წინ კი აქვთ წარწერა – “მოსყიდული ან დაშინებული”.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ სამი მთავარი გზავნილი აქვთ – “გაბათილება ჩემზე იყო”; “ხმის ქურდებს სიცოცხლე”; “კარუსელი 41 ლარიდან”.