გორის საკრებულოში ოპოზიციის წევრებმა პირველი სხდომის დაწყებამდე ბათუმში გარდაცვლილ დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სხდომათა დარბაზში ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები გაშალეს.
ცნობისთვის, დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც საუბრობს.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.