დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული.
“დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები. ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება და დღევანდელი საკრებულოს სხდომა მთლიანად იქნება პროცედურული ნაწილებით დატვირთული. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კარგად ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისელების უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ამომრჩევლისა და ქალაქისთვის,”- განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, თუ დღევანდელ სხდომას “ლელოს” წარმომადგენელი საკრებულოში ბადრი ჯაფარიძე არ დაესწრება, სხდომას უხუცესი წევრი “ქართული ოცნებიდან” ნიკო კახეთელიძე გახსნის და გაუძღვება თავმჯდომარის არჩევამდე.