TI: 2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

642

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2013-2020 წლებში ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარსამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების  ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.

კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მთავარი მიგნებები:

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს. ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016  წელს დაიხარჯა.
  • 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.
  • თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში  2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
  • საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოვითხოვეთ. 35 დაწესებულება ინფორმაცია არ ან არასრულად მოგვაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მივმართეთ და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ.

2013-2020 წლებში პიარსამსახურებში დასაქმებულების რაოდენობა და ანაზღაურება

სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა.

ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ კი 18.4 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ[2] 2019-2020 წლების მონაცემები არ მოგვაწოდეს, დროის ამ მონაკვეთში  დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

*ანაზღაურებაში გაერთიანებულია სახელფასო ანაზღაურება, პრემია, დანამატი

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა,  2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია

„საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წინა წლებში არაერთი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობასა და მათ ანაზღაურებას შეეხებოდა. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავაფართოვეთ სახელმწიფო უწყებების სია, საიდანაც გამოვითხოვეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების[3] და მათი ანაზღაურების[4] შესახებ ინფორმაცია.

საბოლოო ჯამში, საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა 322 უწყებას გავუგზავნეთ. პასუხი ვერ ან არასრულად მივიღეთ 35 დაწესებულებიდან. თუმცა, ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2017-2018 წლებსა და 2012-2017 წლებზე იგივე თემატიკაზე ჩატარებული კვლევიდან შევავსეთ ამ უწყებების მიერ წინა წლებში გამოგზავნილი მონაცემები.

მსხვილი დაწესებულებებიდან, პიარის თანამშრომლების შესახებ გამოთხოვილი  ინფორმაცია არ მოგვაწოდა: თავდაცვის სამინისტრომ (2020 წლის მონაცემები), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (2019-2020 წლების მონაცემები), მთავრობის ადმინისტრაციამ (2019-2020 წლის მონაცემები არ მოგვაწოდა, ხოლო 2018 წლის მონაცემები არასრულად მოგვაწოდა). მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს საჩივრით უკვე მივმართეთ, რითაც კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ.

ყველაზე მსხვილი  უწყებები დასაქმებისა და ანაზღაურების მხრივ

სხვადასხვა წლებში პიარ-სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების მიხედვით, ყველაზე დიდი უწყებებია: მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერ უწყებებში მხოლოდ 2013 წელს მოხვდა.[5] თბილისის მერიამ  2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა,[6] რომელმაც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გააერთიანა და პიარის მიმართულებით თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ჯამური რაოდენობის მიხედვით ლიდერ უწყებას წარმოადგენს.

რადგანაც დიდი ორგანიზაციების ნაწილმა 2018-2020 წლების  ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რასაც შეიძლება ამ წლების სურათი მნიშვნელოვნად შეეცვალა, ამიტომ 2018-2020 წლებში პრესამსახურში დასაქმებული თანამშრომელთა რაოდენობის და ანაზღაურების შესახებ გრაფიკს ცალკე წარმოგიდგენთ.

ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობით წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

წლების მიხედვით, ტოპ 3 უწყების სია 2018-2020 და 2013-2017 წლებში პიარ-თანამშრომლებზე გაცებული ანაზღაურების მიხედვით ასე გამოიყურება:

გაუმჭვირვალე მთავრობის ადმინისტრაცია

ცალკე უნდა გამოვყოთ მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი უწყებაა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურების მხრივ. ამას ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლისთვისაც ინფორმაცია სასამართლოს მიმართვის შემდეგ მოვიპოვეთ.

2019 წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში[8] 2018 წელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ხოლო 2019-2020 წლების ინფორმაცია კი საერთოდ აღარ გამოაგზავნეს. მიუხედავად ამისა, მთავრობის ადმინისტრაცია 2013-2020 წლებში პიარის თანამშრომელთა ანაზღაურების მხრივ საერთო მონაცემებში მაინც პირველ ადგილს იკავებს და არსებული მონაცემებით, 2013-2018 წლებში მთავრობის ადმინისტრაციამ ჯამში პიარ თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 12.3 მლნ ლარი დახარჯა.

[1] 2020 წლის მონაცემებში არ შედის რამდენიმე უწყების მონაცემები, მათ შორის,  ისეთი მსხვილი დაწესებულებების, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროები. ჩვენი მიმართვის მიუხედავად მათ, სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

[2] მთავრობის ადმინისტრაციამ 2018 წლის მონაცემებიც არასრულად მოგვაწოდა.

[3] შტატით, შტატგარეშე.

[4]  ხელფასი, პრემია, დანამატი.

[5] 2013 წლის ნოემბრამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, https://civil.ge/ka/archives/151728https://civil.ge/ka/archives/152336

[6] ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, https://bit.ly/3w7FGjo

[7] იმ შემთხვევაში, როცა უწყებებმა თანამშრომლების რაოდენობა (მათ შორის, შტატიანი და შტატგარეშე) მოგვაწოდეს თვეების მიხედვით ჩაშლილად და მონაცემები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, დათვლილია საშუალო წლიური ოდენობა

[8] ვითხოვდით 2017 და 2018 წლების სრულ მონაცემებს.

[9] მთავრობის ადმინისტრაციამ 2018 წლის მონაცემები არასრულად მოგვაწოდა.