ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შიმშილობას აგრძელებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის შვილი, ნინო ბებია ამბობს, რომ მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ, რადგან ზოგადი დაპირებების გარდა, განსახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მოუსმენიათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ნინო ბებიას ცნობით, აქციის მონაწილეები შიმშილობის გამო უკვე სუსტად არიან და ხშირად უწევთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. მანვე აღნიშნა, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დევნილებს შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს და არსებული პრეტენზიების საჩივრის სახით სასამართლოში წარდგენა.
ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ძველი ფიცრებისგან კარავია მოწყობილი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი შიმშილობს. ერთ-ერთს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ახალი ბინის მიღების მოთხოვნით მიმართეს. მათი თქმით, უკვე მეთოთხმეტე დღეა შიმშილობენ.
დევნილები ამბობენ, რომ 30 წელია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ და დაპირების მიუხედავად ნოემბერში, განსახლების ახალ ეტაპზე ბინა ვერ მიიღეს. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო დევნილებზე ბინას უსამართლოდ გასცემს და უყურადღებოდ რჩებიან უმძიმეს პირობებში მყოფები.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.
ნოემბერში ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცა. პროცესით უკმაყოფილო დარჩა მოქალაქეთა ნაწილი, რომლებასც ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა და განსახლების პროცესი გაგრძელდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.