ჩხენკელი: შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს

506

შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, კვების შერჩეული მოდელი წარდგენილი იქნება პრემიერმინისტრთან და შემდეგ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შორის, რასაც მოჰყვა ჩემი შეხვედრა მასთან და ჩვენ ყველანი შევთანხმდით.

უკვე შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით. აქ ჩართულები არიან კოლეგა უწყებებიც, UNICEF და ცხადია, ჩვენი სამინისტრო, ჩვენ შევჯერდებით რამდენიმე მოდელზე და შემდეგ ამას წარვუდგენთ პრემიერმინისტრს და შემდეგ გადავალთ პროექტის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.